ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი დაარსდა 2016 წლის 11 აპრილს.

მისია

მოვიძიოთ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები და ოლიმპიელ მათემატიკოსთა რესურსის გამოყენებით და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე.

ხედვა

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი არის საოლიმპიადო მათემატიკის თანამედროვე სწავლებისა და ცოდნის მეთოდებზე დაფუძნებული ინტენსიური განვითარების ორგანიზაცია, რომელიც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზოგადად მათემატიკის დონის ამაღლებას.

რატომ ოლიმპიელი?

როგორც ფიზიკური ვარჯიში ავითარებს სხეულს, ასევე ვითარდება გონება, როგორც სპორტშია ბევრად ადვილი წარმატების მიღწევა თუ განვითარება ბავშვობიდან იწყება, ასევეა ლოგიკურ და მათემატიკურ აზროვნებაშიც. როგორც სპორტშია საჭირო სწორი და ეფექტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ, ასევეა სწორი მიდგომა საჭირო სწავლასა და მომზადებაში. წარმატებული ოლიმპიელობა არ არის მოსაწყენი „ნერდობა“ დაზეპირებული ცოდნით, არამედ საჭიროებს და ავითარებს კრეატიულობას, სისხარტეს, მიზანდასახულობას, და დისციპლინას.

ცოდნას, რასაც სკოლაში ვიძენთ, ცხოვრებაში იშვიათად ვიყენებთ. ზოგადი განათლება, სწორედ რომ ზოგადია. წარმატებული ოლიმპიელობა კი არის კონკრეტული და ხელშესახები. ეს ყოველთვის ჩაითვლება მიღწევად რეზიუმეში, რომელიც გაამარტივებს მოხვედრას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, კომპანიებში, ა.შ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ასეთმა პიროვნებამ უკვე დაამტკიცა რომ მომზადებულია ყველაფრისთვის რაც მოითხოვება - იქნება ეს ახალი მასალის ათვისება თუ სტრესულ გარემოში შედეგის მიღწევა.

არის შეჯიბრის ელემენტიც, დამტკიცება, რომ ყველაზე მაგარი ხარ და შეგრძნება, როდესაც ჩადებული დრო და შრომა შედეგს გამოიღებს. სიამაყე, როდესაც მოხვდები საქართველოს ნაკრებში და პატივი, რომ შენი ქვეყნის სახელით გამოხვიდე მსოფლიო ოლიმპიადაზე და შეეჯიბრო შენნაირებს მთელი მსოფლიოდან - შანსი, რომ აჯობო მოსწავლეებს, რომლებიც ისეთი დიდი ქვეყნის ნაკრებებში მოხვდნენ როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი ან ამერიკა და ადრენალინი შეჯიბრის პროცესში, როდესაც მხოლოდ შენი თავის იმედზე ხარ ამოცანების პირისპირ და შენ თუ ვერ ამოხსნი, სხვა მონაწილეები ამოხსნიან და გაჯობებენ.

ასევე თუნდაც ის რად ღირს, რომ სკოლის ასაკშივე იმოგზაურო მსოფლიო ოლიმპიადებზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, გაიფართოვო კულტურული თვასაწიერი, გაიცნო და დაუმეგობრდე მონაწილეებს თუ ორგანიზატორებს. ყოფილი ნაკრების წევრებს ხშირად აკავშირებთ მეგობრობა, რომელიც მთელი ცხოვრება თან მიყვებათ.

არ არის დამთხვევა რომ ყოფილი წარმატებული ოლიმპიელების უმრავლესობა კარიერის მხრივ კვლავ წარმატებული პიროვნებები არიან. თუ მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეებს გადავხედავთ, მათი დიდი უმრავლესობა შეიძლება არ იყოს მათემატიკოსი, მაგრამ ყველა მათგანი გეტყვით თუ რამხელა როლი ითამაშა ოლიმპიადებმა მათ ჩამოყალიბებაში.

და ბოლოს, წარმატებული ოლიმპიელობა არ არის მარტივი, ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას ,თუმცა რეალური შრომის დადებითი შედეგი ბევრად უფრო ტკბილია. ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ მონდომებას, და გამარჯვების დიდ სურვილს წინ ვერაფერი დაუდგება.

საბჭოს წევრები

რატი გელაშვილი

დოქტორანტურის სტუდენტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტში, თეორიული კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მრავალბირთვული ალგორითმების ჯგუფში და ამავე ინსტიტუტის მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანი და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, საუკეთესო სტატიის ავტორი 29-ე საერთაშორისო სიმპოზიუმზე დისტრიბუციულ ალგორითმებში, მუშაობის გამოცდილება ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფტი და დროფბოქსი.

ემზარ ოთხოზორია

m²-ის უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე, მათემატიკის მიმართულების და საოლიმპიადო ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება, მოსწავლეთა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მისმა მოსწავლეებმა ჯამში 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს, ღირსების ორდენის კავალერი საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებებში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

ირაკლი გოგია

ირაკლი გოგიას აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, იგი სხვა და სხვა პერიოდში მუშაობდა სამედიცინო კორპორაცია ევექსში, სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ლიბერთი კონსუმერში, დელოიტში და ერნსტ ენდ იანგში. მას დამთავრებული აქვს იესემის თბილისის ბაკალავრიატი. აქვს 6 წლიანი გამოცდილება საოლიმპიადო ჯგუფების მომზადების. ამ სფეროში წარმატებისავის 2009 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ირაკლი მანელიძე

შპს "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში. აქვს სხვადასხვა კომპანიებში ფინანსურ პოზიციებზე მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ორ გზის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილე. დამთავრებული აქვს იესემის თბილისის და აგრეთვე თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

გიორგი მარიამიძე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბი აი ჯი-ს აღმასრულებელი დირექტორი. წარსულში სადაზღვევო კომპანია იმედი ელ -ის ფინანსური დირექტორი. მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალის მფლობელი.


გიორგი გიორგაძე

ლიბერთი ბანკში ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აქვს ფინანსების მაგისტრის ხარისხი ლანკასტერის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლიდან. მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის საპატიო სიგელის მფლობელი.